"ღამეში 3-ჯერ გაღვიძებენ, გაშიშვლებენ, გაყენებენ ისე, რომ ფეხები ძალიან გაშლილი გქონდეს" - ბელარუსი ჟურნალისტი 

გამოქვეყნდა:

საქართველოში მყოფი ბელარუსის მოქალაქეები ამბობენ, რომ ხელშეკრულებით, რომელიც საქართველოსა და ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურებს შორის გაფორმდა და უკვე ამოქმედდა, ყველა იმ ადამიანს შეექმნა საფრთხე, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმს გამოექცნენ.

სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მთავარი საფიქრალი გახდა ის, თუ როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას საქართველოში და რამდენად დაცული იქნება მათი უსაფრთხოება. ახლა ისინი საქართველოს მთავრობისგან ელოდებიან ახსნას, რას ნიშნავს ეს ხელშეკრულება.

"ბელარუსისა და საქართველოს უშიშროებებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საკმაო საფრთხეს წარმოადგენს მათთვის, ვინც საქართველოში ცხოვრობს, ველით საქართველოს მთავრობის რეაქციას, რომ აგვიხსნან რას ნიშნავს ეს ხელშეკრულება. ევროპის ქვეყნები ასეთ ხელშეკრულებებს აუქმებენ, რადგან მათ იციან, რა შეიძლება ამან გამოიწვიოს".- თქვა ალექსანდრ ბურაკოვმა, ბელარუსმა ჟურნალისტმა.

ბელარუსელი ჟურნალისტი "მთავარ არხთან" იხსენებს, როგორ ექცევიან მის ქვეყანაში ადამიანებს, რომლებსაც პრეზიდენტ ლუკაშენკოსგან განსხვავებული პოზიცია აქვთ. 

"საკმარისია, უბრალოდ რაიმე ოპოზიციური სიმბოლიკით შეგამჩნიონ ქუჩაში, რომ 30 დღით ციხეში ჩაგსვან. ციხეში რაც ხდება, მე ამას ჩვენ წამებას ვეძახით. პირველ დღეებში 4 ადამიანი ვიყავით 2 ადგილიან საკანში და ეს შეგნებულად ხდება. ღამეში 3-ჯერ გაღვიძებენ და გეუბნებიან: გამოდი და დაასახელე საკუთარი სახელი და გვარი, მერე მიდიხარ და იძინებ. ამას ჰქვია ძილის საშუალების წართმევა, რაც წამების ერთ-ერთი ფორმაა. გარდა ამისა, გაშიშვლებენ მთლიანად, გაყენებენ ისე, რომ ფეხები ძალიან გაშლილი გქონდეს. ეს ხდება იმისთვის, რომ დისკომფორტი მოგანიჭონ",- ამბობს ბურაკოვი.

ბელარუსის და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა ხელი ჯერ კიდევ 2016 წელს მოაწერეს, ამოქმედდა.

შეთანხმების მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რეგულარულად გაცვალონ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების წინაღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ. 

ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმი კი სწორედ მსგავს ბრალდებებს უყენებს უფლებადამცველებსა და უფლებადაცვით ორგანიზაციებს, რითაც ახშობს ბელარუსში კრიტიკულ აზრს, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და კრძალავს ქვეყანაში უფლებადამცველების ლეგიტიმურ საქმიანობას. 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი