
ყვარელში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბრალის წარდგენას თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიცავს მას სახაზინო თუ კერძო ადვოკატი.
შალვა მელიქიშვილი ბოლო 4 წლის განმავლობაში შეფ-მზარეულის პოზიციაზე სასტუმრო "ძველ თელავში" მუშაობდა. ყოფილი თანამშრომლები "მთავარ არხს" უყვებიან, რომ მან სამსახური საკუთარი ინიციატივით დატოვა. მათი თქმით, მელიქიშვილს საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება ჰქონდა.
ყოფილი თანამშრომლები ყვებიან, რომ მელიქიშვილი სამსახურში არაფხიზელ მდგომარეობაში არასდროს უნახავთ და არც ფინანსურ პრობლემებზე უსაუბრია.
ცნობისთვის, გუშინ ყვარელში "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა. რამდენიმე საათის განმავლობაში მას მძევლად 13 ადამიანი ჰყავდა და ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. თითქმის სამსაათიანი სპეცოპერაცია მსხვერპლის გარეშე დასრულდა. თავდამსხმელი დააკავეს - "არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია ამჯერად" - ასეთი კომენტარი გააკეთა გომელაურმა თავდამსხმელის დაკავების შემდეგ.
ბანკზე თავდასხმა, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდება და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება-ეს არის ბრალდებები, რომელსაც გამოძიება მელიქიშვილს ედავება.
ავტორი: ია გულიაშვილი
იხილეთ ასევე: