"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის "ფლანგებს" შორის დაპირისპირებაა.
მდინარაძემ ცოტა ხნის წინ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჩატები გაასაჯაროვა, სადაც მისი მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმოწერაა ასახული.
"ჩამოიშალა ნაცმოძრაობა დღეს, მელიას ფლანგის და მიხეილ სააკაშვილის ფლანგის დაპირისპირება ისეთი აშკარაა დღეს, შიგნიდან ისეთი ინფორმაციები გამოდის, თქვენ ეხლა ეს გაღელვებთ. ესეთი გაწიწმატება თქვენი, ორი არხის, "ფორმულასი" და "მთავარი არხის", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთ კურორტზეა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. სააკაშვილმა საპასუხოდ მეორე ვიდეოც დადო, მან მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის მხარდაჭერა სთხოვა. "ქართული ოცნება" ვიდეოებს ფეიქს უწოდებს და ამბობს, რომ ამას ექსპერტები სწავლობენ.