რუსთავის მე-17 დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატი ამბობს, რომ ხანძრის დროს ადგილზე სამაშველო დაგვიანებით მივიდა. მისი თქმით, მსჯავრდებულმა უთხრა, რომ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ისინი სამზარეულოს შენობაში დარჩენილი პატიმრების გამოყვანას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ.
"როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მეუბნება, დაახლოებით ერთი საათი თავად პატიმრები იღებდნენ მონაწილეობას პატიმრების სასადილოს შენობიდან ამოყვანაში. ამის შემდეგ როდესაც დაგვიანებით ადგილზე სახანძრო-სამაშველო დახმარება მოვიდა, ამის შემდეგ მოხდა პატიმრების გადაყვანა საკნებში.
თავად პატიმრებმა ჩაამსხვრიეს მინები, რომ როგორმე ის პატიმრები ამოეყვანათ, რომლებიც სასადილოში იყვნენ გაჭედილები და ვერ ახერხებდნენ იქიდან თავის დაღწევას", - თქვა ადვოკატმა.
რუსთავის ციხეში ხანძარი გუშინ, 14:20 საათზე ციხის სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა. მომხდარზე პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში მხოლოდ ის იყო აღნიშნული, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.
პატიმრების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უწყებაში მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაადასტურეს.
ამჟამად რუსთავის მე-17 ციხეში საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. როგორც ციხის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. ცოტა ხანში ციხის ადმინისტრაციას სახალხო დამცველი შეხვდება. ნინო ლომჯარია მე-17 დაწესებულებაში მივა.
ერთ-ერთი ვერსიით, ციხეში გუშინ გაზი აფეთქდა, თუმცა ოფიციალურად ეს დადასტურებული ჯერჯერობით არ არის.
ამავე თემაზე: