მოვუწოდებთ მთავრობას, არ გამოიყენოს სასამართლო ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად, ეს მიუღებელია - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი სანდრა კალნიეტე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.
ევროპარლამენტარი სანდრა კალნიეტე ღია ტექსტით მიმართავს მთავრობას და აფრთხილებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ.
"მე მოვინახულე პოლიტიკური პატიმრები საქართველოში რამდენჯერმე. ვნახე ვანო მერაბიშვილიც, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ასევე, მოვინახულე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ახალაია და თბილის ყოფილი მერი, უგულავა. ახლა, როდესაც თავად ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილია დაპატიმრებული, მიუღებლად მიმაჩნია საქართველოს ხელისუფლების მიერ ყალბი და გამოგონილი კრიმინალური ბრალდებების გამოყენება მის წინააღმდეგ. ეს არასწორი პრაქტიკაა, რომელიც კარგად ნამდვილად არ ჩანს, როდესაც მას ევროკავშირიდან ვუყურებთ. დასავლური ტიპის დემოკრატიის დროს პოლიტიკურ ოპონენტებს ციხეში არავინ სვამს. მათ ესაუბრებიან და ცდილობენ, კომპრომისები გამოძებნონ.
მოვუწოდებთ მთავრობას, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობის სწორი გზა იპოვოს. ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციამ რამდენიმე დიდ ქალაქში გაიმარჯვა და ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მეორე ტურს. მოვუწოდებთ მთავრობას, არ გამოიყენოს სასამართლო ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად, ეს მიუღებელია. გარდა ამისა, მინდა შევახსენო მთავრობას, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ის უნდა გადასცენ უკრაინას და არ ჩასვან ციხეში. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე" ,- ამბობს სანდრა კალნიეტე.
იხილეთ ასევე: