
"მიხეილ სააკაშვილის საქმე და პრემიერ ღარიბაშვილის კომენტარები აჩვენებს, რომ საქართველოში პოლიტიზირებული სასამართლოა და თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, თბილისს ძალიან სერიოზულ შეკითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა" - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა და ამჟამად ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე ისაუბრა.
კუბილიუსის თქმით, ქართველი ხალხი ევროკავშირთან ინტეგრაციის ძლიერ სურვილს ამჟღავნებს და მთავრობა ვალდებულია, ამ მიმართულებით იმუშაოს.
როგორც კუბლიუსი ამბობს, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში სასამართლო პროცესები იმართება არა იმისთვის, რომ სამართალი აღსრულდეს, არამედ იმისთვის, რომ ოპოზიციას ებრძოლონ. ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ ბრიუსელში სწორედ ამ მიმართულებით აქვთ ძალიან მკაფიო კითხვისნიშნები.
"სასამართლოს პოლიტიზება ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოსთვის. ამას ემატება სააკაშვილის საკითხი. ეს ვითარება სააკაშვილთან დაკავშირებით - ჩვენ ჩვენს პირველ განცხადებაში აღვნიშნეთ, რომ გაოგნებულები ვიყავით პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცეოდა, მის წინააღმდეგ ახალი საქმეები გაჩნდებოდა. ამან აჩვენა, რომ სასამართლოს პოლიტიზირება საქართველოში დასრულებული არ არის და ეს უდიდესი პრობლემაა.
უკანასკნელი კვირების განმავლობაში მე მქონდა საუბარი ორივე მხარესთან, როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. ისინი ჩამოდიან ბრიუსელში და განმარტავენ ისტორიის მათ ნაწილს. როდესაც მე ვესაუბრე მმართველ პარტიას, აღვნიშნე, რომ მათ ძალიან მალე მოუწევდათ მარტივი კითხვისთვის პასუხის გაცემა, როდესაც პოლიტიკოსები ბრიუსელში დაიწყებდნენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვითარების შედარებას იმასთან, რაც მოხდა უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ტიმოშენკოსთან მიმართებით. რა თქმა უნდა, სავარაუდოდ ეს განსხვავებული ისტორიებია და მათ სხვადასხვა ლეგალური მახასიათებლები აქვთ, მაგრამ ბრიუსელში, პირველ რიგში, საკითხი ეხება აღქმებს.
უნდა ითქვას, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის ძალიან ხშირია, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილებები მიიღება არა სამართლიანობის დასამკვიდრებლად, არამედ ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად.მე არ ვიტყვი რა მიმართულებით უნდა შეამციროს საქართველოს ხელისუფლებამ და მმართველი პარტიის "ლიდერშიფმა" პოლარიზაციის დონე, მაგრამ თუ ისინი ვერ შეძლებენ ამ ვითარებიდან გამოსვლას, მაშინ ბრიუსელში ძალიან ცუდი შთაბეჭდილება შეიქმნება საქართველოზე და ეს დააზიაებს არა მარტო საქართველოს, არამედ ინტეგრაციის მთელ პროცესს,- თქვა კუბილიუსმა.
ცნობისთვის, ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე მისი დაკავებიდან 2 დღის შემდეგ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ.
ამის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრმა თავი იმართლა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადება, სადაც ის მესამე პრეზიდენტს "მუხლების დამატებით" ემუქრებოდა, მედიამ "არასწორი ინტერპრეტაციით" გაავრცელა - არ მითქვამს - ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს "მუხლების დამატებით" არ დამუქრებია.