"ასეთი უსუსური, შეშინებული მოსამართლე არ მინახავს" - ხობის პოლიციის ყოფილ უფროსს პატიმრობა შეუფარდეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ხობის პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა.

დაკავებულის ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. რაფავას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა შენახვა ედავება.

"დავრწმუნდი, რომ სასამართლო არ არსებობს უბრალოდ, დარჩა იგივე ნოტარიუსად. აღკვეთის ღონისძიების სახით არ უნდა შეფარდებოდა პატიმრობა ლექსო რაფავას, მაგრამ სასამართლოს აბსოლუტურად არაფერი გაითვალისწინა. ჩემს პრაქტიკაში ასეთი უსუსური მოსამართლე, შეშინებული მოსამართლე არ მინახავს. წინასწარ იყო გამზადებული გადაწყვეტილება და სპეცრაზმი იყო მობილიზებული, რომ გადაეყვანათ", - თქვა ადვოკატმა დავით ახალაიამ.

ლექსო რაფავას ოჯახი დარწმუნებულია, რომ რაფავას დაკავება არჩევნების მეორე ტურის წინ ოპოზიციის მხარდამჭერებზე ზეწოლა და შურისძიებაა.

სავარაუდოდ, დღეს გაიმართება კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანის, გიორგი დათიაშვილის სასამართლო პროცესი. კუდ-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, რომელიც თბილისში, საკუთარ სახლში დააკავეს, ბრალდება გუშინ წარუდგინეს. საქმის მასალების თანახმად, დათიაშვილის სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ორი ხელყუმბარა, ვაზნები და სხვადასხვა საბრძოლო მასალა. 

შეგახსენებთ, ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია 21 ოქტომბერს ღამით დაიწყო. ხობში ძალოვანების ჩასვლის შემდეგ დააკავეს ლექსო რაფავა. გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. იმავე დღეს, თბილისში კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი, კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილი დააკავეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი