რა შემთხვევაში გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში - ტიკარაძის განმარტება

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში იმ შემთხვევაში გადაიყვანენ, თუ მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდება. მისი თქმით, ამ ეტაპზე მესამე პრეზიდენტს არ აქვს საჭიროება, რომ სამოქალაქო კლინიკაში მოათავსონ.

"დავინტერესდი ამ მონაცემებით და ეს პაციენტები გადაყვანილები არიან სხვადასხვა კლინიკებში სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ეს იყო სხვადასხვა ქირურგიული ჩარევა. თუ პაციენტ სააკაშვილსაც დასჭირდება სხვადასხვა ქირურგიული ჩარევა და იქნება სამედიცინო ჩვენება, რა თქმა უნდა, მიღებულ იქნება გადაწყვეტილება პაციენტის სასარგებლოდ.

ამ ეტაპისთვის მას არ აქვს არანაირი საჭიროება იმის, რომ გადაყვანილი იყოს სხვა კლინიკაში. არანაირად არ ხდება აქ იძულებითი წესით, პაციენტის განთავსება პენიტენციურ საავადმყოფოში, უბრალოდ, ეს საავადმყოფო, მისთვის საჭირო ყველა პირობას აკმაყოფილებს და მხოლოდ ეს არის დღეს მსჯელობის საგანი", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ შიმშილობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დმძიმდა. დღეს უკვე 26-ე დღეა, რაც მესამე პრეზიდენტი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ამ დრომდე უცნობია, საჭიროების შემთხვევავში, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს. 21 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ თუ გადაყვანის საჭიროება დადგება, მას გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში ნიშნავს, რომ სახელმწიფო მის ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს. გლდანის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს თავად მესამე პრეზიდენტი.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი