"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თუ ქუთაისის 90-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრ იზა ჩირგაძეზე ზეწოლა ნამდვილად ხდებოდა, მას ამის შესახებ განცხადება პირველივე დღეს უნდა გაეკეთებინა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ჩირგაძესთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობს და საბოლოოდ "ყველაფერი გამოაშკარავდება".
"არ ვიცი, ამ შემთხვევაში რა იყო საფუძველი იმ არასწორი ინფორმაციის გავრცელების, პირდაპირ გეტყვით და ამაზეც პასუხს ვაგებთ ყველანი, არასწორი ინფორმაციის გავრცელების, რაც ამ ადამიანის მხრიდან მოხდა. და რატომ იყო არასწორი ინფორმაცია გავრცელებული ეს დამატებით ინფორმაციის მოძიების საგანია. გირჩევთ, რომ დაინტერესდეთ კარგად, რა იყო საფუძველი, რატომ გაახსენდა მესამე დღეს და რატომ მოხდა ისე, რომ მესამე დღეს რაღაც ისეთი თქვა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ასეთი თუ ხდებოდა და ვიღაც ასეთ რამეს ეუბნებოდა ამ ერთეულ შემთხვევაში, იმავე დღეს რატომ არ მოხდა ამის გახმოვანება და გაპროტესტება? უამრავი კითხვა არსებობს. ყველაფერი გამოაშკარავდება", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" 10-მდე წარმომადგენელმა დაშინების და სოლიდური შეთავაზების მიუხედავად, უარი თქვა, რომ გუნდისთვის რაიმე დაებრალებინათ".
ცნობისთვის, არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ, "ქართული ოცნების" საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა იზა ჩირგაძემ დუმილი დაარღვია და თქვა, რომ შედეგების გაყალბებას სახელისუფლებო პარტია აიძულებდა. ამ საკითხზე კომისიის წევრს იმავე საღამოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრა უნდა ჰქონოდა, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამის მიზეზი ჩირგაძისა და მისი ოჯახის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ზეწოლა გახდა.
იზა ჩირგაძეს უკვე მეორე დღეა, ვერც ოპოზიციის წარმომადგენლები უკავშირდებიან და ვერც არასამთავრობო ორგანიზაციები. ქუთაისის 90-ე უბნის რეგისტრატორი სწორედ მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მმართველი გუნდი დანაშაულებრივ ქმედებებში საჯაროდ ამხილა.
ამავე თემაზე: