"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ოპოზიციის აქციებზე 46 პირის დაკავებით "ისტერიული ხელისუფლების" სახე ჩანს, რომელიც რუსეთისა და ბელარუსის რეჟიმს სულ უფრო მეტად უახლოვდება.
"რასაც ვხედავთ, ეს არის ისტერიული ხელისუფლება, რომელიც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ახლოს მიდის ბელარუსის და რუსეთის რეჟიმთან, როდესაც უბრალოდ მშვიდად მდგომ ადამიანებს აკავებს. ეს არის ისტორიული ქცევა პოლიციის და ხელისუფლების, მშვიდად მდგომ ადამიანებთან მიდის, აკავებს, წარმოუდგენლად დიდია სია იმ ხალხის, ვინც დღეს დააკავეს და ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელსუფლების ისტერიკაზე მოქმედებს.
ვერ დააკავებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ამ ქვეყანაში არის უმრავლესობაში, ადამიანებს, რომლებიც არ ეგუებიან არც სიცოცხლის უფლების გათელვას, არც თავისუფლების დაკარგვას, არც ძალადობას და არც უსამართლობას", - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
მან საერთაშორისო პარტნიორების გამოეხმაურებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ დასავლეთში კიდევ უფრო მეტი ადამიანი აიმაღლებს ხმას იმ არაადამიანურ მოპყრობაზე, რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება.
ელენე ხოშტარია პარლამენტში უკვე 8 დღეა შიმშილობს. ის მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
ცნობისთვის, სუს-თან, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებზე პოლიციამ დღეს ჯამში 46 ადამიანი დააკავა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლების მსგავსი ქმედებების მიუხედავად, აქციები უწყვეტი იქნება და მმართველ გუნდს დისკომფორტს მაქსიმალურად შეუქმნიან. პროტესტის მონაწილეები პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, ასევე, აპროტესტებენ არჩევნების "მიტაცებას".
ამავე თემაზე: