სტრასბურგის გადაწყვეტილებით პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები დასტურდება - რატი ბრეგაძე

გამოქვეყნდა:

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა და ისევ გაიმეორა, რომ მესამე პრეზიდენტის მოთხოვნა "არ დაკმაყოფილდა".

ამასთან, ბრეგაძე ფიქრობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება "საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებულ მაღალ სტანდარტებზე" მიუთითებს.

"საქართველოს მთავრობას, სტრასბურგის სასამართლოს წერილით ეცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი ერთი კონკრეტული მოთხოვნით: დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში. სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დაჟინებით მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისაკენ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან მისასალმებელი და ჰუმანური, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას. სასიხარულოა, რომ ჩვენი სულისკვეთება სრულად ემთხვევა. უწყებამ არაერთგზის განმარტა, რომ ჩვენი ინტერესია პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები.

ჩვენ მივესალმებით და სრულიად ვიზიარებთ გადაწყვეტილების სულისკვეთებას. ცხადია, როგორც გადაწყვეტილებაშია მითითებული, 24 ნოემბრისთვის ევროპულ სასამართლოს მივაწვდით ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე. გავაგრძელებთ მასზე მზრუნველობას", - თქვა რატი ბრეგაძემ. 

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დააკმაყოფილა და საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა. სტრასბურგი ახლა მხარეებისგან დამატებით ინფორმაციას ითხოვს, რის შემდეგაც საკითხზე კიდევ ერთხელ, 24 ნოემბერს იმსჯელებს და გადაწყვეტს, უნდა მოხდეს თუ არა სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა. მანამდე კი ევროსასამართლო ავალებს მთავრობას, მიაწოდოს ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და ციხის საავადმყოფოში გაწეულ სამედიცინო პროცედურებზე; შეახსენებს, რომ სწორედ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ციხეში მისი უსაფრთხოება და სათანადო სამედიცინო მზრუნველობა, იმ შემთხვევაშიც, თუ ის შიმშილობას შეწყვეტს.

სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე დღეს განმარტება გააკეთეს იურისტებმა, მათ შორის, ევროსასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ნონა წოწორიამ. როგორც მან აღნიშნა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის მთავარი დანიშნულება ადამიანის სიცოცხლის დასაცავად მყისიერი გადაწყვეტილებების მიღებაა, ამიტომ რა ინტერპრეტაციაც არ უნდა ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, უმთავრესი სწორედ მისი სიცოცხლის დაცვაა. 

ამავე თმაზე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი