ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს.
ის ამბობს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის მთავარი დანიშნულება ადამიანის სიცოცხლის დასაცავად მყისიერი გადაწყვეტილებების მიღებაა, ამიტომ რა ინტერპრეტაციაც არ უნდა ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, უმთავრესი სწორედ მისი სიცოცხლის დაცვაა.
რაც შეეხება სამოქალაქო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას, მისი თქმით, ეს საკითხი ღიად არის დატოვებული, თუმცა კონკრეტული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაზე არმითითება სასამართლოს სტანდარტული მიდგომაა.
"39-ე წესის განხილვისას სასამართლო არ არის შეზღუდული მხარის პოზიციით და უფლებამოსილია თავად დაადგინოს ის ზომები, რაც მოცემულ შემთხვევაში მიაჩნია მიზანშეწონილად. სტანდარტულად დროებითი ღონისძიება ევროპული კონვენციის მე-2 („სიცოცხლის უფლება) და მე-3 („წამების აკრძალვა“) მუხლებს უკავშირდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კატეგორია ციხის პირობებში უფლებების დაცვას ეხება. სასამართლოს ზოგადი პრინციპების მიხედვით ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა პატიმრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. „გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდგ“ 2012 წლის გადაწყვეტილებით ევროსასამართლოსთვის ციხის პირობებში სამედიცინო მომსახურების მისაღებად დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართვამდე საჭიროა შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვა. მოცემულ შემთხვევაში დროებითი ღონისძიების გამოყენება მიუთითებს, რომ სასამართლომ მ. სააკაშვილის ადვოკატების მიერ ამ მიზნით მიღებული ზომები საკმარისად ჩათვალა", - წერს წოწორია.
ყოფილი ევრომოსამართლე მთავარ საკითხებზე რამდენიმე კომენტარს აკეთებს:
გარდა ამისა, ის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ პრიორიტეტად მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გაიხადოს და შეწყვიტოს ის "აღვირახსნილი კამპანია", რასაც აქამდე აწარმოებდა.
"იმედია, დროებითი გადაწყვეტილების სულისკვეთება, სასამართლოს მიმდინარე ზედამხედველობა და საქმისთვის პრიორიტეტის მინიჭება მთელს ამ პროცესს ცივილიზებულ ჩარჩოებში მოაქცევს", - წერს ის.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დააკმაყოფილა და საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა. სტრასბურგი ახლა მხარეებისგან დამატებით ინფორმაციას ითხოვს, რის შემდეგაც საკითხზე კიდევ ერთხელ, 24 ნოემბერს იმსჯელებს და გადაწყვეტს, უნდა მოხდეს თუ არა სააკაშვილის სხვა კლინიკაში გადაყვანა. მანამდე კი ევროსასამართლო ავალებს მთავრობას, მიაწოდოს ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და ციხის საავადმყოფოში გაწეულ სამედიცინო პროცედურებზე; შეახსენებს, რომ სწორედ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ციხეში მისი უსაფრთხოება და სათანადო სამედიცინო მზრუნველობა, იმ შემთხვევაშიც, თუ ის შიმშილობას შეწყვეტს.
გადაწყვეტილება "სხვანაირად გაიგო" იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ. მან Facebook-ზე დაწერა, რომ "სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა".
ამავე თემაზე: