ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალადობრივად გადაყვანის კადრების გავრცელებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს "ძალიან საეჭვო და სამწუხარო ქმედებაა".
"მინდა გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ კადრების გამოქვეყნება არის ძალიან საეჭვო და სამწუხარო ქმედება, რომელიც არ უწყობს ხელს სიტუაციის ჩიხიდან გამოსვლას. ამ კადრების გაშვების მიზანი არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო ყურადღების ცენტრში, ანუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რაც ასევე ეხება მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ღირსების პატივისცემას", - თქვა კარლ ჰარცელმა.
ცნობისთვის პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანის ვიდეოკადრები ორ ნაწილად 11 ნოემბერს გაავრცელა. მასალაში კარგად ჩანს მესამე პრეზიდენტის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს, სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, ოღონდ გარკვეული დათქმებით.