მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ძალიან შეშფოთებული ვარ, ერთ-ერთი მთავარი მიზანია, შევხვდე - ფოტიგა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, ძალიან შეშფოთებულია და მისი საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ მესამე პრეზიდენტთან შეხვედრაა.

ევროპარლამენტარის თქმით, ციხეში შესასვლელად შესაბამისი განაცხადი უკვე შეიტანა და ახლა ნებართვას ელოდება.

"მოხარული ვარ საქართველოში ვიზიტით და ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ შევხვდე მესამე პრეზიდენტს ციხის საავადმყოფოში. განაცხადი უკვე შევიტანე და იმედი მაქვს, რომ დამიშვებენ. მე აქ ვარ იმისთვის, რომ საქართველოს გვერდით ვიდგე.

ჩემი ქმედებები საერთაშორისო არენაზე ყოველთვის იყო საქართველოს მხარდაჭერა, იქნებოდა ეს ნატოსთან თუ ევროკავშირთან მიმართებაში. როგორც იცით წელიწად-ნახევრის წინ მე ვიყავი დანიშნული იენს სტოლტენბერგის მიერ ერთ-ერთ ექსპერტად, რომელმაც ნატოს მომავალზე უნდა იმსჯელოს და მინდა ვთქვა, რომ ყველა მიმართულებით საქართველოს კარგი მომავალი აქვს. იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკურ კონსენსუსს მიაღწევენ ევრო-ატლანტიკურ საკითხზე, რადგან ბევრია დამოკიდებული თქვენ უნარზე, გაერთიანდეთ საერთო მიზნის გარშემო. სააკაშვილთან მიმართებაში ძალიან შეშფოთებული ვარ, თუმცა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან აქ მხოლოდ იმისთვის ჩამოვედი, რომ მას შევხვდე", - თქვა ანა ფოტიგამ. 

ანა ფოტიგა ცოტა ხნის წინ ლეხ კაჩინსკის მემორიალთან მივიდა და პოლონეთის პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგო. მანამდე ის დეპუტატ, სალომე სამადაშვილს შეხვდა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს, სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, ოღონდ გარკვეული დათქმებით.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი