"ოცნების" ხელისუფლებამ ევროპელი პოლიტიკოსები დღეს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში არ შეუშვა

გამოქვეყნდა:

საქართველოში ჩამოსული ევროპელი პოლიტიკოსები "ოცნების" ხელისუფლებამ გლდანის ციხის საავადმყოფოში არ შეუშვა და არ მისცა უფლება, მოენახულებინათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. 

სწორედ 18:00 საათზე ამოიწურა მონახულების საათები, ანა ფოტიგა და ლიეტუვის სეიმის 2 წარმომადგენელი შენობაში არ შეუშვეს. 

მანამდე კი, მთელი დღის განმავლობაში, ევროპარლამენტარებს სხვადასხვა შეხვედრა ჰქონდათ. ანა ფოტიგა შეხვდა გიული ალასანიას და ნიკოლოზ ყიფშიძეს, ასევე მოინახულა ელენე ხოშტარია.

"მოხარული ვარ საქართველოში ვიზიტით და ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ შევხვდე მესამე პრეზიდენტს ციხის საავადმყოფოში. განაცხადი უკვე შევიტანე და იმედი მაქვს, რომ დამიშვებენ. მე აქ ვარ იმისთვის, რომ საქართველოს გვერდით ვიდგე.

ჩემი ქმედებები საერთაშორისო არენაზე ყოველთვის იყო საქართველოს მხარდაჭერა, იქნებოდა ეს ნატოსთან თუ ევროკავშირთან მიმართებაში. როგორც იცით წელიწად-ნახევრის წინ მე ვიყავი დანიშნული იენს სტოლტენბერგის მიერ ერთ-ერთ ექსპერტად, რომელმაც ნატოს მომავალზე უნდა იმსჯელოს და მინდა ვთქვა, რომ ყველა მიმართულებით საქართველოს კარგი მომავალი აქვს. იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკურ კონსენსუსს მიაღწევენ ევრო-ატლანტიკურ საკითხზე, რადგან ბევრია დამოკიდებული თქვენ უნარზე, გაერთიანდეთ საერთო მიზნის გარშემო. სააკაშვილთან მიმართებაში ძალიან შეშფოთებული ვარ, თუმცა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან აქ მხოლოდ იმისთვის ჩამოვედი, რომ მას შევხვდე", - თქვა ანა ფოტიგამ დღეს დილით. 

ლიეტუვის სეიმის დეპუტატები შეხვდნენ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასაც.

"ჩვენი ვიზიტი პოლიტიკურია, მაგრამ ამ ვიზიტის მიზანი ჰუმანიტარული. გვსურს გავიგოთ, როგორ არის მიშა ისე, რომ არ ჩავერიოთ საქართველოს შიდა საქმეებში. უბრალოდ რეალურ სიტუაციას ვეცნობით და ვცდილობთ, მიხეილ სააკაშვილს შევხვდეთ. შეტანილი გვაქვს განაცხადი და ამ დრომდე ველოდებით პასუხს. ვიცით, რომ საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად აკვირდება სიტუაციას. ჩვენთვის, როგორც ლიეტუველი პარლამენტარებისთვის, საკმაოდ უცნაურია, რომ პრეზიდენტს ასე ექცევიან", - თქვა ​ლიეტუვის სეიმის დეპუტატმა, რაიმუნდას ლოპატამ.

მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ცოტა ხნის წინ მივიდა სალომე სამადაშვილი, რომელიც მესამე პრეზიდენტს გზავნილს გადასცემს.

დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობისა და პატიმრობის 43-ე დღეა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მესამე პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა შეწყვიტოს პროტესტის ეს მძიმე ფორმა, თუმცა გარკვეული დათქმებით, საუბარია მაღალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი