
"წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მოვისმინეთ მოსამართლის მხრიდან და ასევე წარმოუდგენელი დასაბუთება ამ არაცილების "გაპრავების" - ასე ეხმაურება ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც დღეს დასაბუთებული გარემოებებისა და მტკიცებულებების მიუხედავად, თავი არ აიცილა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ასეთ პირობებში, მოსამართლე ჩხიკვაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, შესაძლოა, მისმა ბავშვობის მეგობარმა მატერიალური სარგებელი მიიღოს.
"უდავო გარემოება არის, რომ დაზარალებულის დირექტორი გახლავთ მოსამართლის უახლოესი მეგობარი. ასევე, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მისმა ბავშვობის მეგობარმა შეიძლება მიიღოს მატერიალური სარგებელი. მოთხოვნის უფლება უჩნდება მატერიალურ სარგებელზე და ამ პირობებშიც კი, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა აცილების შუამდგომლობა.
ხაზგასასმელია, რომ მან თავის დროზე საერთოდ არ გაამხილა ეს ინფორმაცია, რომ ის გახლდათ "რუსთავი 2"-ის დირექტორის ბავშვობის მეგობარი, ფაქტობრივად დამალა. მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა, დაუყოვნებლივ მოვითხოვეთ მოსამართლის აცილება საქმიდან, თუმცა ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. დასაბუთების ნაწილში მოვისმინეთ ის, რომ "ადამიანები მიცნობენ, რომ მე მიუკერძოებელი ვარო", მეტი არაფერი, რაც არ შეიძლება სამართლებრივ დასაბუთებად აღვიქვათ. როდესაც დაზარალებულის მეგობარია მოსამართლე, ბუნებრივია, მისი მიუკერძოებლობა თითქმის წარმოუდგენელია და ეჭვები ლოგიკურია, რომ ის იქნება დაინტერესებული საქმის შედეგით", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, "რუსთვის 2"-ის საქმეზე სასამართლოში დღეს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მორიგი პროცესი იმართება. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მოწმე ზაზა გველესიანი, რომელიც დაზარალებულ კომპანიას წარმოადგენს, რუსთავი 2-ის ჰოლდინგის დირექტორია, მოსამართლის ბავშვობის მეგობარია და დასაკითხ მოწმეთა სიიდან მოსამართლემ ამოიღო. ამის გამო, ნიკა გვარამიამ მოსამართლის აცილება მოითხოვა, თუმცა ლაშა ჩხიკვაძემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ამავე თემაზე: