მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის უფლებები - ჩეხეთის ელჩი

გამოქვეყნდა:

ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა უზრუნველყოს.

"ზოგადად, ყოველთვის პრობლემატურია, როდესაც პრეზიდენტს ასამართლებენ. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს", - ამბობს ელჩი. 

ჟურნალისტებთან საუბრისას მან ასევე სასამართლოს სისტემის რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. 

"ჩვენ თვალყურს ვადევნებთ პროცესს. არსებობს გარკვეული ეჭვები მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით და სასამართლო რეფორმის პროცესიც აჩენს შეკითხვებს. ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით, როგორც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ, სასამართლო ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა და თუ მისი ნდობა არ არსებობს, არც სახელმწიფო არსებობს", - თქვა პეტრ მიკისკამ.

რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, ელჩი ამბობს, რომ ეს პროცესი შემაშფოთებელია. მისივე თქმით, აუცილებელია, ასეთი საკითხები ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით განიხილებოდეს.

"რაც შეეხება კანონპროექტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით. ასეთი დაჩქარებული წესით მისი განხილვა ძალიან შემაშფოთებელია. უნდა გაიმართოს კონსულტაციები ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, მათ შორის, თავად სახელმწიფო ინსპექტორის. ამიტომ, ჩვენ ნამდვილად ვერ ვხედავთ იმის აუცილებლობას, რომ ახალი წლის დღეებში, საშობაო დღესასწაულებისას ეს საკითხი ასე ნაჩქარევად განიხილებოდეს. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს განხილვა გადაიდოს.

არ ვაყენებთ ეჭვქვეშ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმირების აუცილებლობას, ეს შესაძლოა, საჭიროც იყოს და ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ჩეხეთშიც ხდება ასე. თუმცა, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს დროის სწორი შერჩევით და ყველა მხარის მონაწილეობით", - თქვა ჩეხეთის ელჩმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გვიან ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. ეტაპირებაზე ინფორმაცია არც ამჯერად ჰქონიათ მის უფლებადამცველებს.

ადვოკატებმა მესამე პრეზიდენტის მონახულება დღეს დილით შეძლეს, რადგან წუხელ მათ დაწესებულებაში არ უშვებდნენ. მათ თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი