
აღმოსავლეთ ევროპაში დაძაბულობის მატების პარალელურად ოთხშაბათს რუსეთმა და უკრაინამ მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა ელისეის სასახლეში, ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც საფრანგეთი და გერმანიაც მონაწილეობენ.
2019 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი ტიპის მოლაპარაკება შედგა, უკრაინის საზღვარზე მოსკოვის ბოლო ქმედებების შემდეგ.
„ცუდი ამბავია ის, რომ არაფერი არ შეცვლილა. კარგი ამბავი კი ის არის, რომ მხარეები ორ კვირაში ბერლინში შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, სავარაუდოდ, დიპლომატიურ გზაზე დარჩება“, - განაცხადა შეხვედრასთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.
მოლაპარაკებების წინ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ შეხვედრა იყო "მშვიდობიანი მოგვარებისთვის მზადყოფნის ძლიერი სიგნალი". მისივე თქმით, კონსტრუქციული დიალოგის იმედი აქვთ.
რა ხდება უკრაინაში
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.
რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.
2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.
მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.
იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება.