აშშ უკრაინის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს

გამოქვეყნდა:

გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის, ლინდა თომასის განცხადებით, უკრაინის საზღვართან შექმნილი ვითარების განსახილველად გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს. შეხვედრა ორშაბათს, 31 იანვარს გაიმართება.

"100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი განლაგებულია უკრაინის საზღვარზე და რუსეთი სხვა დესტაბილიზაციის აქტებს ახორციელებს, რომლებიც მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ, რაც აშკარა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას და გაეროს წესდებას", - აღნიშნულია განცხადებაში. 

თომასი ამბობს, რომ აგრძელებენ დიპლომატიისკენ სწრაფვას და დაძაბულობის დეესკალაციისთვის გაეროს უშიშროების საბჭო ამისთვის გადამწყვეტი ადგილია.

"უშიშროების საბჭოს წევრებმა სრულად უნდა გამოიკვლიონ ფაქტები და განიხილონ რა ემუქრება უკრაინას, რუსეთს, ევროპას და საერთაშორისო წესრიგის ძირითად ვალდებულებებსა და პრინციპებს, თუ რუსეთი შემდგომში შეიჭრება უკრაინაში.

ეს არ არის დრო ლოდინისა და ყურების", - აღნიშნულია ელჩის განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინაში სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია. 2019 წლის შემდეგ პირველად 26 იანვარს რუსეთ-უკრაინას შორის ნორმანდიის ფორმატის მოლაპარაკება განახლდა. 

რა ხდება უკრაინაში

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.

რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.

2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.

მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.

იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება. ევროპის არაერთმა ქვეყანამ სამხედრო თუ ფულადი დახმარება უკრაინისთვის უკვე გამოყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი