ბაიდენმა დაადასტურა მზადყოფნა, თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება, გადამწყვეტი პასუხი გასცეს - თეთრი სახლი

გამოქვეყნდა:

რუსეთის მხრიდან სამხედრო ესკალაციის საფრთხის ფონზე აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი გაიმართა. 

ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და კრემლი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრას დასავლეთი "გადამწყვეტ პასუხს გასცემს".

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ მიუხედავად აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლების ოჯახის წევრების გაყვანისა, უწყება კიევში ღია რჩება და სრულად ფუნქციონირებს. 

თეთრი სახლის განცხადებით, ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს პრინციპი "არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე".

რა ხდება უკრაინაში

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.

რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.

2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.

მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.

იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება. ევროპის არაერთმა ქვეყანამ სამხედრო თუ ფულადი დახმარება უკრაინისთვის უკვე გამოყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი