
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან სამხედროები უნდა გაიყვანოს. ამასთან დაკავშირებით მან "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში ისაუბრა.
"ჩვენ ცალსახად ვუთხარით რუსეთს, თქვენ უნდა გაიყვანოთ სამხედროები იმ ქვეყნებიდან, სადაც ისინი ამ სახელმწიფოების ნების საწინააღმდეგოდ იმყოფებიან – უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან. ჩვენ ეს სამი ქვეყანა ვახსენეთ ნებისმიერ შეხვედრაზე რუსეთთან. ასევე მკაფიოდ განვუმარტეთ რუსეთს, რომ ამ ქვეყნებში სამხედროების ყოფნა ამ ქვეყნების ნატო-ში შესვლას ვერ შეაჩერებს, თუ ამას თავად ეს სახელმწიფოები და მოკავშირეები გადაწყვეტენ. რუსეთს ამ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება არ აქვს და რუსეთის დე ფაქტო ყოფნა ამ ქვეყნებში, ამას ვერ შეცვლის", - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.
ცნობისთვის, უკრაინაში სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.
რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.
2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.
მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.
იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება. ევროპის არაერთმა ქვეყანამ სამხედრო თუ ფულადი დახმარება უკრაინისთვის უკვე გამოყო.