აშშ-მ კიევში საელჩო დახურა | დიპლომატები დროებით ლვოვში გადავლენ

გამოქვეყნდა:

რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების გაზრდილი საფრთხის გამო, შეერთებული შტატები კიევში საელჩოს ხურავს. ქვეყანაში დარჩენილი დიპლომატების ნაწილი დროებით დასავლეთ უკრაინაში, ლვოვში გადავლენ. განცხადება სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.

"მე ეს ბრძანება ერთი მიზეზის გამო გავეცი - ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ამერიკელ მოქალაქეებს უკრაინაში, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა",- თქვა ბლინკენმა.

განცხადებაში მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ უცვლელი რჩება. მისივე თქმით, აშშ აგრძელებს ძალისხმევას დიპლომატიური გადაწყვეტის მისაღწევად.

"დიპლომატიური გზა კვლავ ხელმისაწვდომი რჩება თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ კეთილსინდისიერად ჩაერთოს. მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლების საელჩოში დაბრუნებას, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მოგვცემს", - თქვა მან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა. მისი ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, 16 თებერვალს შეიჭრას.

თეთრ სახლში ეჭვობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, "ნებისმიერ დღეს" შეიჭრას. რამდენიმე ქვეყანამ თავიანთ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და საელჩოებში თანამშრომლების რაოდენობა შეამცირა.

12 თებერვალს ბაიდენი-პუტინის სატელეფონო საუბარი გაიმართა, თეთრი სახლის განცხადებით, აშშ ყველანაირი სცენარისთვის მზად არის და უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ამერიკა და მისი მოკავშირეები რუსეთს "მძიმე საფასურს" დააკისრებენ.

რა ხდება უკრაინაში?

უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.

რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.

2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.

მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.

იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება. ამასთან აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ის პუტინისთვის პერსონალურ სანქციებს განიხილავს. ევროპის არაერთმა ქვეყანამ სამხედრო თუ ფულადი დახმარება უკრაინისთვის უკვე გამოყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი