შევთანხმდით მომდევნო ერთობლივ ნაბიჯებზე - ზელენსკი ჯონსონს შეხვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს შეხვდა. 

ზელენსკის თქმით, შეხვედრისას უკრაინის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს და შემდგომ ერთიან ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

"მიუნხენში ბორის ჯონსონს შევხვდი. რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე უსაფრთხოების საკითხზე ვისაუბრეთ. შევთანხმდით მომდევნო ერთობლივ ნაბიჯებზე. ჩვენ ვრჩებით ერთიანი დიპლომატიური გზით დეესკალაციისთვის. მადლობა დიდ ბრიტანეთს უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის და უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის თანამშრომლობისთვის", - წერს ზელენსკი Twitter-ზე.

დასავლეთში ამბობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის საბაბს ქმნის. 18 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ის დარწმუნებულია, რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.  მისივე თქმით, სამიზნე კიევი იქნება. 

მანამდე, 11 თებერვალს აშშ-მა თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, "ნებისმიერ დღეს" შეიჭრას. რამდენიმე ქვეყანამ თავიანთ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და საელჩოებში თანამშრომლების რაოდენობა შეამცირა.

რა ხდება უკრაინაში?

უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.

რუსეთი უარყოფს ინფორმაციას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.

2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევა სთხოვა. რუსეთი ასევე ითხოვდა, რომ ნატოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ.

მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება საკუთარი გზა აირჩიოს. მისივე თქმით, მიუღებელია რუსეთის მცდელობა, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.

იანვრის დასაწყისში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, თუმცა დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთს სანქციებით ემუქრება. ამასთან აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ის პუტინისთვის პერსონალურ სანქციებს განიხილავს. ევროპის არაერთმა ქვეყანამ სამხედრო თუ ფულადი დახმარება უკრაინისთვის უკვე გამოყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი