რუსეთს სანქციები კანადამ და იაპონიამაც დაუწესა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ, რუსეთს სანქციებს კანადა და იაპონიაც უწესებს. 

იაპონიის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას განცხადებით, ის აკრძალავს ქვეყანაში რუსული ობლიგაციების გამოშვებას და გარკვეული ინდივიდების ანგარიშებს გაყინავს. გარდა ამისა, ეს პირები იაპონიაში შესვლას ვეღარ შეძლებენ, რადგან სანქციები მათ ვიზებსაც შეეხებათ.

მისი თქმით, მოსკოვის ბოლო ქმედებებმა უკრაინის სუვერენიტეტი დაარღვია და ტოკიო მზადაა, დამატებითი ზომები მიიღოს სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში.

რაც შეეხება კანადას, პრემიერმა ჯასტინ ტრუდომ, უკრაინაში მოსკოვის ბოლო ქმედებებს "სუვერენულ სახელმწიფოში შემდგომი შეჭრა" უწოდა და ეკონომიკური სანქციების პირველი ეტაპი გამოაცხადა. 

კანადა თავის მოქალაქეებს აუკრძალავს ყველა ფინანსურ ურთიერთობას აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ აღიარებულ დონეცკსა და ლუგანსკში. ტრუდომ თქვა, რომ რუსი პარლამენტარები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ამ გადაწყვეტილებას, ასევე დაისჯებიან. კანადელებს ასევე აეკრძალებათ რუსული ობლიგაციების შესყიდვა.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, რუსეთმა დასავლეთისგან სანქციების პირველი ეტაპი უკვე მიიღო. 

მოსკოვს სანქციები დაუწესა ამერიკამ და ევროკავშირმა, ასევე, ბრიტანეთმა. გერმანიამ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის ამოქმედება შეაჩერა. სანქციების პაკეტს ამზადებს ავსტრალიაც.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი