ქალაქი მარიუპოლი რუსული ძალების ალყაში რჩება. მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა.
ქალაქში არაა ელექტროენერგია, გათბობა, გათიშულია მობილური კავშირი. ადგილზე დაახლოებით 400 000-მდე ადამიანია დარჩენილი. რუსეთის არმია ქალაქზე თავდასხმებს აგრძელებს.
კვირას ღამით მარიუპოლის საქალაქო ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ალყაში მოქცეული ქალაქისთვის იყო გამიზნული ადგილზე არ ჩასულა და ჩარჩენილია ბერდიანსკში. ბერდიანსკი დაახლოებით 50 მილის დაშორებითაა და მას ოკუპანტები აკონტროლებენ.
"120 ადამიანი ვართ ამ სარდაფში, ბავშვები, მოხუცები. არაა საკვები, პირველადი საჭიროების პროდუქტი, არ გვაქვს არც წყალი, არც გაზი, ცაში თვითმფრინავები დაფრინავენ და ბომბებს ყრიან. ბავშვების ძალიან ეშინიათ. დაგვეხმარეთ", - ამბობს მოქალაქე.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ მხოლოდ მარიუპოლში პუტინის აგრესიას 2 187 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ქალაქი 22-ჯერ დაბომბეს, იერიში 100-ზე მეტ ადგილზე მიიტანეს.