"ეს პუტინის რეჟიმის დასასრულის დასაწყისია" | ექსკლუზიური ინტერვიუ პავილიონისთან

გამოქვეყნდა:

გთავაზობთ "დღის სტუმრის" ექსკლუზიურ ინტერვიუს ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისთან: 

  • - ვიწყებთ საუბარს უკრანის ომზე, დასავლეთისა და რუსეთის ცივილიზაციურ დაპირისპირებაზე, რომელმაც უსასტიკესი სახე მიიღო. რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც უფრო დიდი წინააღმდეგობას აწყდება პუტინი მით უფრო სასტიკი ხდება მისი ბრძოლის მეთოდები, იბობმბება სამშობიარო სახლები, სკოლები, იღუპებიან ახალშობილები. და სწორედ ამიტომ მუდმივად გვესმის უკრანის პრეზიდენტის მოთხოვნა, დაიკეტოს ცა. მივა თუ არ დასავლეთი აქამდე, უკრაინული სიცოცხლეების გადასარჩენად? 

- არასაფრენი ზონის დაწესება არც ისე ადვილია. ჩვენ საჭირო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ნატოს წევრ ბალტიის ქვეყნებშიც კი არ გვაქვს. ამიტომ, იმაზე ფიქრი, რომ ნატო ამას გააკეთებს, გულუბრყვილობაა. თუმცა, ამის გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს და ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ამერიკელ ძმებსა და დებს ვთხოვოთ, რომ ამაზე სერიოზულად იფიქრონ. ყველაზე მნიშვნელოვანი ჰაერის კონტროლია, რომელიც შეგვიძლია გავნახორციელოთ სხვადასხვა სახის ზომებით, არამხოლოდ ტაქტიკური, როგორიცაა ლიეტუვის მიერ მიწოდებული სტინგერები, არამედ ასევე სტრატეგიული და რაც უფრო მეტს მივაწოდებთ, მით უკეთესი.

ორი კვირის წინ ამას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აკეთებდა და ახლა ყველა აკეთებს. თუმცა, ეს იქნება არა მხოლოდ პირდაპირი სამხედრო დახმარება, არამედ ასევე ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე, მის ყველა ბანკზე, ოლიგარქზე, ნავთობზე, გაზზე. ეს არის პუტინის რეჟიმის დასასრულის დასაწყისი და რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ყურადღებით დავაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, როგორიცაა საქართველო, რათა დავინახოთ, რომელ მხარეს დგანან ისინი. არიან ისინი უკრაინის მხარეს, რომლებიც ყველას, მათ შორის ლიეტუვისა და საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან, თუ ცდილობენ, რომ ეკონომიკური სარგებელი მიიღონ ამ ომისგან, რაც, ჩემი აზრით, აღმაშფოთებელია. 

  • - მესმის რასაც ამბობთ და სწორედ ამიტომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მყისიერად გავემიჯნეთ ხელისუფლების ამ სამარცხვინო პოლიტიკას და თბილისი იყო სწორედ ის ქალაქი სადაც ყველაზე პირველად ყველაზე დიდი სამოქალაქო პროტესტი შედგა, საქართველს მოქალაქეები ქუჩაში გამოვედით და ხმამაღლა გამოვუცხადეთ სოლიდარობა უკრაინისა და ჩვენს საერთო ბრძოლას თავისუფლებისთვის.

- რა თქმა უნდა, უკრაინელები ხედავენ, რომ ქართველი ხალხი მათ მხარესაა, ისევე როგორც ლიეტუველები, მაგრამ ქვეყნის ოფიციალური პოზიციაც ძალიან მნიშვნელოვანია. მესმის, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ორ სკამზე ერთდროულად იჯდეს, ანუ თან რუსეთს ასიამოვნოს და თან ევროკავშირის წევრობაზე შეიტანოს განაცხადი, ახლა უკრაინელები საკუთარი სისხლით იხდიან ამის საფასურს. სიგნალი ევროპარლამენტიდან ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ახლა ჩვენი ამოცანაა, დავარწმუნოთ ჩვენი ჩრდილოელი დები და ძმები, რომლებიც ჩვენ მხარს გვიჭრედნენ ამ საკითხში ყოველთვის, ასევე ბენილუქსის ქვეყნები, ესპანელები დ აპორტუგალიელები, რომ მიიღონ ეს სტრატეგიული გადაწყვეტილება და ევროკავშირის კარი გაუღონ ამ ქვეყანას, რომლის მოქალაქეები იღუპებიან ჩვენი საერთო ფასეულობებისთვის.

იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებიც ამას არ გააკეთებენ, ასევე იქნებიან პასუხისმგებელნი ამ ხალხის ბედზე. ჩვენ უნდა გავაუქმოთ ეს ნაცრისფერი ზონები და მკვეთრი დამოკიდებულება უნდა გვქოდნეს უკრაინისა და საქართველოს მსგავს ქვეყნებთან და გვჭირდება მკვეთრი პოზიცია თქვენგან, თუ რომელ მხარეს დგახართ. უკრაინის შემთხვევაში ეს სავსებით ნათელია, საქართველოს შემთხვევაში კი ეჭვებს იწვევს.

  • - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც ციხეში ზის, საგანგებო წერილით მიმართა ევროკავშირს და უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას გაწევრიანების საკითხში მხარდაჭერა ითხოვა, საქართველო ბოლო 30 წელიწადი სულ ომშია რუსეთთან, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, რომ ახლა ეს ფანაჯარა ჩვენთვისაც გაიღოს, მითუმეტეს, რომ საზოგადოება ასეთი აქტიურია?

- პუტინი ყოველთვის ეცდება, რომ მეზობელ ქვეყანაში საზოგადოება დაყოს. თუ ქვეყანა შიგნით დაყოფილია და მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს ციხეში სვამს ან ოპოზიცია დემონიზებულია, ეს ძალიან ცუდი სიგნალია ევროკავშირისა და ნატოს წევრი ბევრი ქვეყნისთვის. გარდა ამისა, როდესაც ერთი კანდიდატი ქვეყანა ვერ ბედავს სოლიდარობის გამოხატვას მეორე კანდიდატი ქვეყნისთვის, როგორც ამას დღეს საქართველო აკეთებს უცნაური მიზეზების გამო, მაშინ კიდევ უფრო მეტი შეკითხვა ჩნდება, რადგან ევროკავშირი პირველ რიგში სოლიდარობის კლუბია. ამიტომ, თუ არ შეგიძლიათ ეს სოლიდარობა, გამოდის, რომ კიდევ ერთი უნგრეთი იქნებით და ეს არავის სჭირდება.

  • - და მაინც თქვენი აზრით რა არის ახლა პუტინის მთავარი მიზანი, რომელმაც უკრაინა ვერ გატეხა, პირიქით დასვლეტის უპრეცედებნტიო გაერტინება გამოიწვია და როდესაც მთელი მსოფლიო გამონაკლისების გარდა ერთიანია მისი ფაშისტური პოლიტიკის წინააღმდეგ?

- მე არ ვიცი, რა არის პუტინის საბოლოო გეგმა, მაგრამ მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გადააფასოს თავისი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხზე - მაგალითად, დემოკრატიის შესახებ საკუთარ ქვეყანაში, ევროკავშირის საგზაო რუკის შესახებ, რომელზეც უარი თქვეს გასულ წელს, რადგან ცვლილებები, რომლებიც ახლა ხდება, არის ტექტონური ცვლილებები. და თუ "ქართული ოცნება" ისევ გააგრძელებს მოქცევას, თითქოს არაფერი ხდება, ეს ცვლილებები საქართველოს ყველა ოცნებას დაასამარებს. იმიტომ რომ თუ უკრაინა ამ ომს წააგებს, თბილისთან რუსული ტანკები ძალიან ახლოს დგას.

თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და მერე "ქართული ოცნების" წევრებს ძალიან გაუჭირდებათ უკრაინელებისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის თვალებში შეხედვა, იქნება ეს ლიეტუვა, ამერიკა თუ სხვა ქვეყანა. დღეს მე ახალ ზელანდიასაც კი ვესაუბრე, რომელიც ავსტრალიასთან ერთად დგას უკრაინის გვერდით. მხოლოდ ხუთი ქვეყანა უჭერს მხარს რუსეთს და დასავლეთის არც ერთ ქვეყანას არ სურს მათთან ერთად ყავის დალევა. ასე რომ, ეს არის ლაკმუსის ტესტის დღეები, როდესაც უნდა გაირკვეს, ვინ ხარ სინამდვილეში. ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გაიღვიძებს.

ახლა ვხედავ, რომ მათ რაღაც განსხვავებები აქვთ საქართველოს პრეზიდენტთან. მე დეტალები დიდად არ მაინტერესებს. მე მინდა დავინახო, რომ მამაცი ქართველი ხალხი დგას უკრაინელების გვერდით დღეს. მე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიყავი, როდესაც 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. ჩვენ მაშინ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო, ისევე როგორც დღეს ვაკეთებთ ყველაფერს. ჩვენ ახლა ველით, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, რომელმაც მაშინ ჩვენგან ყველანაირი სახის დახმარება მიიღო და ჩვენი ლიდერებიც კი ჩავიდნენ თბილისში, უბრალოდ მხარდაჭერას კი არა, მთელი გულით მხარდაჭერას გამოიჩენს, 200-300 პროცენტიან მხარდაჭერას. დღეს კი, როდესაც საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს ვუსმენ, ალბათ მხოლოდ 50-პროცენტიანია ეს მხარდაჭერა. თქვენ გგონიათ, რომ ასეთ ვითარებაში ევროკავშირში შესვლა შეგიძლიათ?

  • - ქართული საზოგადოების, პოლიტიკური კლასის ლიბერალურმა  ნაწილმა ეს კარგად იცის, ახლა მთავარია ხელისუფლებამ გაიაზროს, რის პერპექტივას უკარგავს ქვეყანას. ისევ უკრანას და პუტინისგან მომავალ საფრთხეებს რომ დავუბრუნდეთ, ის ხან ქიმიურ იარაღს ახსენებს, ხან ბირთვული იარაღით ან ატომური ელექტროსადგურებით იმუქრება. რამდენად არსებობს ამ ტიპის საფრთხე?

- მხოლოდ ბირთვულ საფრთხეზე არ არის საუბარი. ყოველი სიცოცხლე, რომელიც იკარგება რუსული ტყვიით, რაკეტით ან ბომბით, არის შეუფასებელი. რაც უკრაინაში ხდება, ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ეს არის სამხედრო დანაშაული. ყველა, ვინც დამნაშავეა, სასამართლოს წინაშე იჯდება ადრე თუ გვიან. ახლა თუ მხოლოდ ეკონომიკურ საფასურს იხდიან, შემდეგ სრული საფასურის გადახდა მოუწევთ. გარდა ამისა, პასუხისგება მოუწევს მათაც, ვინც ცდილობს ამ სამხედრო დანაშაულებისგან სარგებელი მიიღოს, ყოველ შემთხვევაში, მათი ქმედებები სათანადოდ შეფასდება საერთაშორისო არენაზე.

ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ რუსეთი დიდ საფასურს იხდის. ერთმა ექსპერტმა კარგად თქვა, რას წარმოადგენს რუსეთი ბოლო 30 წლის შემდეგ. ეს არის პატარა "იზბუშკა", რომელიც აღჭურვილია დასავლური ტექნოლოგიებით და ახლა ეს ტექნოლოგიები მოვაშორეთ. ასე რომ, თუ გინდათ იცხოვროთ ამ ძველ ქოხთან ერთად და თან სარგებელი მიიღოთ უკრაინელების სისხლისგან, თქვენი ნებაა. უბრალოდ, შემდეგ არავინ გცემთ პატივს მსოფლიოში, ჩინელი და რუსი დიქტატორების გარდა.

დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი უკრაინელების გვერდით დგას და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა მალე გაიღვიძებს და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა დემოკრატიისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი