იაპონია აფართოებს იმ საქონლისა და ტექნოლოგიების სიას, რომელთა ექსპორტიც რუსეთში და ბელარუსში აკრძალული იქნება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ თემაზე განცხადება სამშაბათს იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრომ გააკეთა.
დაახლოებით 300 პროდუქტისა და ტექნოლოგიის ექსპორტი კვირის ბოლოდან დასანქცირდება, მათ შორისაა ნახევარგამტარები, საკომუნიკაციო აღჭურვილობა, ნავთობგადამამუშავებელი აღჭურვილობა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები, ქიმიური მრეწველობის პროდუქტები, სხვადასხვა ტიპის სენსორები, პროგრამული უზრუნველყოფა.
საექსპორტო სანქციები ეხება 49 რუსულ კომპანიასა და ორგანიზაციას, მათ შორისაა Rosoboronexport, Rostec, FSB და საგარეო დაზვერვის სამსახური. მსგავსი ზომები ასევე ვრცელდება ბელარუსის თავდაცვის სამინისტროსა და ინტეგრირებული სქემებისა და ნახევარგამტარების მწარმოებელ Integral-ზე.
2021 წელს იაპონიის ექსპორტმა რუსეთში დაახლოებით 7,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.