ესპანეთის ხელისუფლებამ ოთხშაბათს დააკავა მეგა იახტა სახელად "Crescent", რომელიც სავარაუდოდ, რუსული ნავთობის გიგანტის - Rosneft-ის აღმასრულებელ დირექტორს, იგორ სეჩინს ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters პოლიციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Marine Traffic-ის ცნობით, 135 მეტრის სიგრძის იახტა, კაიმანის კუნძულების დროშის ქვეშ ცურავდა და ესპანეთში იტალიიდან 2021 წლის ნოემბერში ჩავიდა.
ესპანეთის ტრანსპორტის სამინისტრო, რომელიც დაკავებას ადასტურებს, მაგრამ ვინაობას არ ასახელებს, ამბობს, რომ იახტა ქალაქ ტარაგონაში 2 ნოემბერს ჩადგა, 4 მარტს კი სანაპირო დაცვას გამგზავრების ნებართვა სთხოვა. მიუხედავად ამისა, მას ხმელთაშუა ზღვის საპორტო ქალაქი არ დაუტოვებია.
სეჩინი პუტინის ახლო მოკავშირეა, ის აშშ-ს, ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქცირებულთა სიაშია.
კიდევ ერთი იახტა, რომელიც სეჩინს ეკუთვნოდა, საფრანგეთის ხელისუფლებამ 4 მარტს დააკავა.