სიცოცხლე გაიმარჯვებს სიკვდილზე და სინათლე გაიმარჯვებს სიბნელეზე- ამ სიტყვებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, მსოფლიო ლიდერად იქცა; საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის პირველი პირი, მთავარსარდალი და რიგითი ჯარისკაცი, უკვე 24 დღეა, ყოველ დილით, საკუთარ მოქალაქეებს და მთელ მსოფლიოს, მკაფიო მესიჯს უგზავნის, რომ უკრაინა არ ნებდება, იბრძვის თავგანწირვით და რუსულ ფაშიზმს აუცილებლად დაამარცხებს; ჩარლი ჩაპლინიდან უინსტონ ჩერჩილამდე- ასეთი სათაურებით იბეჭდება ახლა სტატიები, საერთაშორისო პრესაში და ჟურნალისტები, ზელენსკის უშეცდომო და ზუსტად გათვლილი გზავნილების საიდუმლოს ამოცნობას ცდილობენ;
როგორ ახერხებს, 44 წლის პრეზიდენტი, რომელსაც პოლიტიკური გამოცდილებაც კი არ აქვს, ფეხზე წამოაყენოს ევროპული ქვეყნების პარლამენტის წევრები, შეერთებული შტატების კონგრესი და მსოფლიო ლიდერები.
უკრაინისთვის ამ ყველაზე მძიმე დღეებში, უკვე ყველა თანხმდება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინელ ხალხთან ერთად, ევროპის ახალ დღის წესრიგს და ახალ ისტორიას წერს; ისტორიას, სადაც ასეთი ერთიანი მსოფლიო პუტინის ბოროტების წინააღმდეგ არასოდეს ყოფილა და ისტორიას, სადაც ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის მმართველს, ომის დამნაშავეს, მკვლელ დიქტატორს და ყაჩაღს უწოდებს;
როგორ შეიცვალა მსოფლიო , 24 თებერვლის შემდეგ, დღიდან, როცა უკრაინაში სულ 11 სექტემბერია.