საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსეთს ომის დანაშაულში სდებს ბრალს. მისი განცხადებით, რასაც რუსეთი აკეთებს, არის არა ომი, არამედ ქვეყნის მასობრივი განადგურება.
"რუსეთი ნამდვილად ჩადის ომის დანაშაულს, რაც ხდება მარიუპოლში ეს არის ომის მასობრივი დანაშაული, ანადგურებენ ყველაფერს, ბომბავენ და კლავენ ყველას, ეს ქალაქი არის სრულიად განადგურებული და მშვიდობიანი მოსახლეობა მკვდარი. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას
ჩვენი ყველა რესურსით, გავაგრძელებთ საუბარს სანქციებზეც, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, უფრო მეტი, უკრაინის გადასარჩენად. რუსეთი აგრძელებს გამოიყენოს სამხედრო შეიარაღება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ეს არ არის ომი, ეს არის ქვეყნის მასობრივი განადგურება, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ კანონს", - თქვა ბორელმა.
ცნობისთვის, საპორტო ქალაქი მარიუპოლი, რომელიც ალყაშია მოქცეული ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. რუსები ქალაქს რამდენიმე კვირაა ბომბავენ, მოსახლეობას არ მიეწოდება სასმელი წყალი, გაზი და საკვები. გარდა ამისა, ოკუპანტები ცეცხლს უხსნიან მშვიდობიან მოსახლეობას, რომლებიც ე.წ. მწვანე დერეფნების გავლით ქალაქის დატოვებას ცდილობს. დაიბომბა ხელოვნების სკოლა, სადაც დაახლოებით 400 ადამიანი იმყოფებოდა, ასევე, მარიუპოლის დრამატული თეატრი, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს.