"პირველ რიგში, სტრასბურგის გადაწყვეტილება წაიკითხოს" | მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის პასუხი შოთაძეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ თუ დაცვის მხარეს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის სარჩელის წარმოებაში მიღება გამარჯვებად მიაჩნია, "ეს ძალიან საოცარია".

შოთა თუთბერიძე გენპროკურორს ურჩევს, მანამ, სანამ შეფასებებს გააკეთებს, პირველ რიგში სასამართლოს გადაწყვეტილება წაიკითხოს.

"ვფიქრობ, მთავარ პროკურორს, იმისთვის, რომ სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება შეაფასოს, დასჭირდება პირველ რიგში წაიკითხოს ის, იმიტომ, რომ იქ წერია თუ რას ამტკიცებდა საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობას არ უნდოდა რომ ეს საჩივარი დასაშვებად ყოფილიყო მიღებული და ყველაფერს აკეთებდა ამისთვის. უთითებდა ვადაზე, საჩივრის დაუშვებლობაზე, სხვადასხვა უფლებათა გამოყენებაზე. სტრასბურგის სასამართლომ არ გაითვალისწინა მთავრობის არგუმენტაცია, არ ჩათვალა ისინი დამაჯერებლად, ეს პირდაპირ დაწერა განჩინებაში და გაითვალისწინა მიხეილ სააკაშვილი არგუმენტაცია", - თქვა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ყველა არგუმენტი გაიზიარა და საქმის არსებით განხილვას იწყებს. წარდგენილ დოკუმენტებში ორ ეპიზოდზეა საუბარი. ესენია ე.წ. "ვალერი გელაშვილის საქმე", სადაც ადვოკატების განმარტებით, გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სასამართლომ ისე გამოიტანა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არსებობს. მეორე ეპიზოდი ე.წ. "შეწყალების საქმეს" უკავშირდება, სადაც სააკაშვილი, პრეზიდენტის აბსოლუტური დისკრეციის ბოროტად გამოყენების გამო გასამართლდა, რაც უფლებადამცველების თქმით, სამართლებრივი აბსურდია.

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი