"რუსეთთან კონსენსუსი არ არსებობს" - კულება ერდოღანის განცხადებას უარყოფს

გამოქვეყნდა:

რუსეთთან კონსენსუსი არ არსებობს - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო პრეზიდენტ ერდოღანის განცხადება, რომ უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების 6 პუნქტიდან 4-ზე კომპრომისთან ახლოს არიან.

კულებას თქმით, მოლაპარაკებების ძირითადი თემების ოთხ, ან სხვა პუნქტად კლასიფიკაცია არასწორია და ერთდროულად მრავალი სხვა საკითხი განიხილება - "უკრაინული არის და იქნება ერთადერთი სახელმწიფო ენა უკრაინაში" - ამბობს კულება. მისივე თქმით, მოლაპარაკების პროცესი, ძალიან რთულია.

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, მზად იყო დათანხმებულიყო რუსეთის ექვსი მოთხოვნიდან ოთხზე, მათ შორის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმისა და რუსულის მეორე სახელმწიფო ენად აღიარებაზე.

ჩვენი სახელმწიფო გულწრფელად მადლობას უხდის თურქულ მხარეს და განსაკუთრებით პრეზიდენტ ერდოღანს პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ასევე დიპლომატიური ძალისხმევისთვის, რათა დასრულდეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ერთადერთი სახელმწიფო ენა უკრაინაში არის და იქნება უკრაინული...

მოლაპარაკების პროცესი უკიდურესად რთულია. უკრაინის დელეგაციამ დაიჭირა მტკიცე პოზიცია და არ თმობს თავის მოთხოვნებს. ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ, პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტას, უსაფრთხოების გარანტიებს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინა გააგრძელებს დიალოგს თურქეთთან და ყველასთან" - განაცხადა მინისტრმა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის რამდენიმე საკითხზე კონსენსუსი მიღწეულია. განცხადება ერდოღანმა ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ გააკეთა:

"ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს როგორც პრეზიდენტ პუტინთან, ასევე ზელენსკისთან. ჩვენი ძალისხმევა მიზნად ისახავს მშვიდობის ატმოსფეროს შექმნას ორი ლიდერის გაერთიანებით. 
როგორც ცნობილია, ბელარუსში მიმდინარე პროცესის განმავლობაში, კონსენსუსი თითქმის მიღწეულია რამდენიმე საკითხზე. ესენია NATO, განიარაღება, კოლექტიური უსაფრთხოება და რუსული ენის ტექნიკური ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს გამოყენება. თუმცა ყირიმისა და დონბასის საკითხებზე უკრაინის დათანხმება შეუძლებელია" - ამბობს ერდოღანი.

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები ბელარუსში მიმდინარეობს. გაიმართა 5 რაუნდი. გარდა ამისა, ომის მიმდინარეობისას ერთმანეთს შეხვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრებიც. კულებასა და ლავროვის შეხვედრა ანტალიაში 10 მარტს შედგა, თუმცა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე ამ დრომდე მიუღწეველია.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი