საპორტო ქალაქი მარიუპოლი ისევ ალყაშია - რუსეთის ჯარები ქალაქის რამდენიმე კვარტალს აკონტროლებენ და ცენტრის დაკავებას ცდილობენ, თუმცა ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლ ქვეშ რჩება. მერის ინფორმაციით, დაღუპულია ათასობით ადამიანი და საცხოვრებელი სახლების 90%-მდე დანგრეულია. მარიუპოლში შექმნილ ვითარებაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმაც ისაუბრა რუსულ მედიასაშუალებებთან იმ ინტერვიუში, რომლის გაშუქებაც კრემლმა აკრძალა:
"ქალაქში ცხედრები ქუჩაში ყრია, ტროტუარებზე, რუსი სამხედროებისა და უკრაინის მოქალაქეების. რუსეთის მხარემ ჯერ უარი გვითხრა, შემდეგ კი მათი ჯარისკაცების ცხედრების გადასაცემად ნაგვის ტომრები შემოგვთავაზა. ასე ადამიანები ძაღლის ან კატის სიკვდილის შემთხვევაშიც არ იქცევიან, არ მესმის რას ფიქრობს ეს ხალხი, რას ფიქრობენ მშობლები. მე ვუთხარი მარიუპოლის მცველებს, რომ დაეტოვებინათ ქალაქი, მაგრამ მათ თქვეს, რომ ვერ იზამდნენ ამას, რადგან ქალაქში დაჭრილი ხალხიცაა და მათ ვერ მიატოვებდნენ. ისინი იცავენ ცოცხლებსაც და მკვდრებსაც", - თქვა ზელენსკიმ.
მარიუპოლში შექმნილ მდგომარეობაზე დოჰას ფორუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა, რომელმაც თქვა, რომ კოლექტიური დანაშაული იქნება, თუ მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად არაფერი გაკეთდება - "მარიუპოლი ახალი ალეპოა".