"ეს არ იქნება ფარატინა ქაღალდი, ეს იქნება პრაქტიკულად ნატოს მე-5 მუხლის ანალოგი" - არახამიამ დაასახელა უსაფრთხოების გარანტიები, გარანტორი ქვეყნები და პირობები, რომელსაც უკრაინა აყენებს

გამოქვეყნდა:

სტამბულში გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მე-5 რაუნდი ჟურნალისტებთან დელეგაციის უცვლელმა წევრმა, დავით არახამიამ შეაჯამა. 

ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე დეტალურად ისაუბრა.

დღეს თურქეთში მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი გაიმართა. ვფიქრობ რომ ეს ჩვენი პირველი გამარჯვება იყო რადგან მოლაპარაკებების ბელარუსიდან თურქეთში გადმოტანა მოვახერხეთ. იმიტომ რომ თურქეთი ჩვენი მეგობარი და პარტნიორია.  ამასთან თურქეთი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტი სახელმწიფოა რომელზეც ახლა ვისაუბრებ. ომის დაწყებამ გამოაჩინა რომ ევროპის უსაფრთხოებს გარანტს ბზარები აქვს და ის არ მუშაობს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმებები, ხოლო ეს ბლოკები და სისტემები რომლებმაც უკრაინის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ არ მუშაობს. ეს ეტყობა მარიუპოლს, ხარკოვის, ჩერნიგოვს და ამას ყველა უკრაინელი გრძნობს. 
თავიდანვე მინდა ვთქვა რომ ჩვენ ხელს ჯერ არაფერს არ ვაწერთ, უბრალოდ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოების ახალ გარანტებს, ეს იქნება საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც ხელს ყველა გარანტორი მოაწერს და მისი რატიფიცირება მოხდება. 
ეს არ იქნება ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი ფარატინა ქაღალდი. ეს უნდა იყოს მუშა საერთაშორისო მექანიზმი. ეს იქნება პრაქტიკულად ნატოს მეხუთე მუხლის ანალოგი. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ ნატოს მეხუთე მულში გაწერილი არ არის კონსულტაციების რაოდენობა და რამე რომ მოხდეს შესაძლებელია კონსულტაციები მთელი წელიც კი გაგრძელდეს. 
ჩვენი ახალი სისტემით, კონსულტაციები მხოლოდ 3 დღე უნდა გაგრძელდეს. ანუ ომის, აგრესიის, კონფლიქტის ან ნებისმიერი სხვა ესკალაციის შემთხვევაში, სამდღიანი კონსულტაციების შემდეგ გარანტიაზე ხელის მომწერი ქვეყნები ვალდებულები იქნებიან უკრაინას როგორც სამხედრო ძალებით, ასევე შეიარაღებით, ცის ჩაკეტვით, დახმარება გაუწიონ. იმ ყველაფრით რაც ახლა ძალიან გვჭირდება, თუმცა ვერ მივიღეთ. 
რაც შეეხება გარანტორ ქვეყნებს, ჩვენი პოზიციაა რომ ესენი უნდა იყვნენ, გაეროს უსაფრთხოების  საბჭოს წევრი ქვეყნები,  მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი, კანადა, გერმანია, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. თუ სხვა ქვეყნებსაც გაუჩნდება სურვილი რომ გარანტიის ხელმომწერთა სიას შეუერთდნენ - სიამოვნებით. გასათვალისწინებელია რომ ამ საბჭოს შემადგენლობაში შედის რუსეთიც, თუმცა ამ საკითხზე ცალკე ვმუშაობთ.  
იქიდან გამომდინარე რომ ყირიმთან და სხვა დროებით ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით პრობლემები ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული, უსაფრთხოების გარანტიები ამ რეგიონებზე ჯერჯერობით არ იმუშავებს. საერთაშორისო არენაზე ამ გარანტიებს უკვე განვიხილავთ და რამდენიმე ქვეყანამ თანხმობა უკვე მოგვცა, ველოდებით ოფიციალურ დასტურს. მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ უსაფრთხოების ახალი გარანტიები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასაც გულისხმობს და გარანტორი ქვეყნები ვალდებული იქნებიან რომ ევროკავშირში უკრაინის სწრაფ გაწევრიანებს ხელი შეუწყონ და დაეხმარონ." განაცხადა არახამიამ.

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები სტამბულში, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი