თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის საგარეო მინისტრები მზად არიან ერთმანეთთან მორიგი შეხვედრა გამართონ. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ამის შესახებ თურქეთს თავად დმიტრო კულებამ და სერგეი ლავროვმა აცნობეს.
"უახლოეს ერთ- ორ კვირაში შესაძლოა შეხვედრა გაიმართოს, სულ მცირე, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე", - თქვა თურქული მედიის ცნობით მინისტრმა A Haber-ის ეთერში.
მინისტრის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ უფრო მნიშვნელოვანი საკითხები მაღალ დონეზე განიხილონ.
მისი თქმით, დელეგაციებს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები გაგრძელდება, ამასთან მინისტრებს შორის შეხვედრაზე დამტკიცდება გადაწყვეტილებები, ასეთის მიღების შემთხვევაში, შემდეგი ეტაპი კი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრაა.