უკრაინა ვერ ხედავს რუსეთის განცხადებების რეალურ დადასტურებას ფრონტის გარკვეულ რაიონებიდან ჯარების გაყვანის შესახებ - ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
"ჩვენ გვჯერა, რომ მათ შეცვალეს სტრატეგია და გეგმები. მაგრამ ეს სამწუხაროდ, არ ნიშნავს ომის შეჩერებას. შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაცია საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო ჰუმანიტარულ სიტუაციაზე - ყველაფერი ძალიან ცუდადაა." თქვა ერმაკმა.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარიუპოლი არის კატასტროფულ მდგომარეობაში, სადაც ადამიანები საკვებისა და წყლის გარეშე იღუპებიან და რუსები მათ ქალაქიდან გასვლის საშუალებას არ აძლევენ. ერმაკმა მარიუპოლის კატასტროფა მეორე მსოფლიო ომის დროს, ლენინგრადის ბლოკადას შეადარა.
"უკრაინის პოზიცია არის ძალიან მკაფიო- ჩვენ გვინდა ამ ომის შეჩერება, გვინდა რუსული ჯარების გაყვანა ჩვენი ტერიტორიიდან. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას, განსაკუთრებით მარიუპოლიდან", - აცხადებს ერმაკი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის დელეგაცია აგრძელებს რუსეთთან მოლაპარაკებების რთულ პროცესს და სტამბოლში გამართული შეხვედრაც ამის დასტურია.