ანგელა მერკელი დღესაც თვლის, რომ სწორად მოიქცა როდესაც 2008 წელს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა - ამის შესახებ განცხადება გერმანიის ყოფილი კანცლერის პრესსპიკერმა გააკეთა, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების კომენტირებისას:
„ფედერალური კანცლერი დოქტორი ანგელა მერკელი მხარს უჭერს მის გადაწყვეტილებებს ბუქარესტში 2008 წლის ნატოს სამიტთან დაკავშირებით“, - თქვა მან.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყოფილმა კანცლერმა მხარი დაუჭირა საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის დასასრულებლად, მაგრამ არ უპასუხა ბუჩაში ჩასვლის მიწვევას.
ბუჩაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, სადაც მშვიდობიანი უკრაინელების ასობით ნაწამები ცხედარი იპოვეს, ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიისა და საფრანგეთის ყოფილ ლიდერებს მიმართა და ბუჩაში მიიწვია იმ საშინელების სანახავად, რაც ოკუპანტებმა იქ დაატრიალეს - "მე ვიწვევ ქალბატონ მერკელსა და ბატონ სარკოზის ბუჩაში. ნახონ, რა მოიტანა რუსეთისთვის დათმობების პოლიტიკამ" - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.