უკრაინის სახალხო დმცველი, ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ რუსები მარიუპოლში უკრაინელების მიმართ გენოციდს აძლიერებენ. მისი ინფორმაციით, კიდევ ერთი ფილტრაციის ბანაკი გაჩნდა მანგუშში, სადაც ადამიანებს მძიმე შემოწმების გავლა უწევთ ბერდიანსკში გადასვლამდე.
"დამპყრობლები აწარმოებენ "წმენდას" – ცდილობენ გამოავლინონ ყველა "ნაცისტი", რომელშიც შედის, ყველა, ვინც არ ეთანხმება მათ რეჟიმს და ოკუპაციას", - ამბობს დენისოვა.
ომბუდსმენი ამბობს, რომ უკრაინელების დეპორტაცია რუსეთში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, თვითმხილველების თქმით, მარიუპოლის მე-4, ბოლო მოქმედი საავადმყოფო მთელი პერსონალითა და პაციენტებით ფილტრაციის ბანაკში აღმოჩნდა.
დენისოვას თქმით, არის მოქალაქეების ჩვენებები მარიუპოლში სპეციალური ტექნიკის - მობილური კრემატორიებისა და ნანგრევების გასაწმენდი მოწყობილობების შეტანის შესახებ. ამას რუსეთი მოკლულთა ცხედრების გასანადგურებლად და ომის დანაშაულის ნიშნების დასაფარად იყენებს.
ცნობისთვის, მარიუპოლი თითქმის მთელი თვეა ბლოკადაშია. იქ დარჩენილ მოქალაქეებს არ მიეწოდებათ სასმელი წყალი, არ აქვთ გათბობა, საკვები, სხვა საჭირო ნივთები. ქალაქი თითქმის სრულად განადგურებულია.