იარაღის მიწოდება უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს - ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც ცოტა ხნის წინ, 513 ხმით მიიღეს და უკრაინაში სამხედრო აგრესიის საპასუხოდ, მხარი დაუჭირეს რუსეთის ენერგორესურსებზე სრულ ემბარგოს.
რეზოლუციაში საუბარია ბუჩასა და სხვა უკრაინულ ქალაქებში, რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ სისასტიკეზე და დოკუმენტში ის მოხსენიებულია, როგორც "ომის დანაშაული":
"ევროპარლამენტარები აღნიშნავენ შოკისმომგვრელ სისასტიკეს, „რაც უდავოდ წარმოადგენს ომის დანაშაულს“, ჩადენილი რუსული ჯარების მიერ უკრაინაში და განსაკუთრებით ბუჩაში. და მარიუპოლის, ვოლნოვახასა და სხვა ქალაქებისა და სოფლების სრული, ან თითქმის სრული განადგურება. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ომის დანაშაულის ჩამდენი პირები პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ და მოითხოვენ გაეროს სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უკრაინაში დანაშაულებისთვის" ნათქვამია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტი იმეორებს, რომ იარაღის მიწოდება უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს, რათა უკრაინამ ეფექტურად დაიცვას თავი. ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ შემდგომ თავდაცვით დახმარებას, რომელიც მიეცემა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ინდივიდუალურად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და ერთობლივად ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით.
"აღნიშნეს, რომ უკრაინის თითქმის 6,5 მილიონი მოქალაქე იძულებით გადაადგილებული იყო და 4 მილიონზე მეტი გაიქცა ქვეყნიდან ომის გამო (ნაწილი B), ევროპარლამენტარები მოუწოდებენ უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნების შექმნას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის და ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების ქსელების გაძლიერებას უკრაინაში.
ისინი გმობენ რუსულ რიტორიკას, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ მათ შეუძლიათ პოტენციურად მიმართონ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას და ხაზს უსვამენ, რომ ნებისმიერ ასეთ ქმედებას უმძიმესი შედეგები მოჰყვება." ნათქვამია დოკუმენტში.