უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ანდრეი კასიანოვი ამბობს, რომ ბუჩაში ჩასვლის მოწვევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც გაეგზავნა. ამ თემაზე მან ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე ისაუბრა.
"დღეს მსოფლიომ ნახა და დაგმო სამხედრო დანაშაულები ბუჩაში. თქვენ გეცოდინებათ, რომ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, ბატონმა სტეფანჩუკმა, მიმართა ყველა პარლამენტარს ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაულები. შესაბამისი მოწვევა მიიღო ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა", - თქვა კასიანოვმა.
ცნობისთვის, ბუჩას გათავისუფლების შემდეგ უკრაინელებმა ქალაქში ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ნახეს, მათ ემჩნევათ წამების კვალი, შეკრული აქვთ ხელები, ჩანს, რომ ზოგიერთის დაწვაც სცადეს, არაერთო ცნობა ვრცელდება ქალებისა და ბავშვების გაუპატიურებაზე.
დასავლეთმა ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. უკრაინა ომის დანაშაულებისთვის მტკიცებულებების შეგროვებას აგრძელებს და ვარაუდობს, რომ მარიუპოლსა და სხვა ქალაქებში უარესი ვითარებაა.