საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილის რადას თავმჯდომარის მიწვევა არ მიუღია.
ცნობისთვის, უკრაინის საელჩოში ბრიფინგზე დღეს თქვეს, რომ ბუჩაში ჩასვლის მიწვევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც გაეგზავნა, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეებს.
პრესსამსახურმა "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადა, რომ ჯერ საკანონმდებლო ორგანოში მიწვევა არ შესულა.
უკრაინამ პარლამენტარები ბუჩაში მიიწვია, რათა საკუთარი თვალით ნახონ თუ რა ხდება რუსებისგან გათავისუფლებულ ქალაქში.
ცნობისთვის, ბუჩას გათავისუფლების შემდეგ უკრაინელებმა ქალაქში ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ნახეს, მათ ემჩნევათ წამების კვალი, შეკრული აქვთ ხელები, ჩანს, რომ ზოგიერთის დაწვაც სცადეს, არაერთო ცნობა ვრცელდება ქალებისა და ბავშვების გაუპატიურებაზე.
დასავლეთმა ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. უკრაინა ომის დანაშაულებისთვის მტკიცებულებების შეგროვებას აგრძელებს და ვარაუდობს, რომ მარიუპოლსა და სხვა ქალაქებში უარესი ვითარებაა.