ახალი ზელანდია ოთხშაბათს, 13 აპრილს ევროპაში C-130H Hercules სატრანსპორტო თვითმფრინავსა და 50 დამხმარე პერსონალს ორი თვით განათავსებს - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ახალი ზელანდიის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუნდი გაემგზავრება მთელ ევროპაში და გადაიტანს აღჭურვილობასა და მარაგს უკრაინის სადისტრიბუციო ცენტრებში, მაგრამ თავად ქვეყანაში არ შევა.
"ეს არის უკრაინის არმიის დახმარება, რათა მოიგერიონ სასტიკი რუსული შემოჭრა, რადგან ევროპის რეგიონში მშვიდობა აუცილებელია გლობალური სტაბილურობისთვის. ქვეყნის სუვერენიტეტზე ასეთი უხეში თავდასხმა არის საფრთხე ყველა ჩვენგანისთვის და ამიტომ ჩვენც უნდა გვქონდეს საკუთარი როლი ამ ყველაფერში", - თქვა პრემიერმინისტრმა.
დოკუმენტის თანახმად, ახალი ზელანდია ასევე 8,8 მილიონ აშშ დოლარის წვლილს შეიტანს შემდგომი მხარდაჭერისთვის, რათა დაეხმაროს უკრაინას თავისი სამხედროებისთვის აღჭურვილობის შესყიდვაში.