"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ უმრავლესობის წევრები მზად არიან უკრაინაში ჩავიდნენ, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი "დამატებითი პოლიტიკური დატვირთვის" მატარებელია.
"არავის არ აქვს უკრაინაში ჩასვლის პრობლემა, პირდაპირ ვთქვათ, საპარლამენტო უმრავლესობაში როცა ეს საკითხი გავიარეთ, ვიმსჯელეთ, საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა დღესვე, ხვალვე, როცა საჭირო იქნება, როცა პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი და ფიზიკურად დალაგდება წასვლის თემა, შეგვიძლია რამდენიმე ადამიანი, საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან წავიდეს უკრაინაში და გამოთქვას დამატებით, კიდევ ერთხელ სამძიმარი", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მისი განცხადებით, შალვა პაპუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში არცერთ საკითხზე, კითხვაზე თუ თხოვნაზე პასუხი არ მიუღიათ.
"პასუხი დღემდე არ მიგვიღია სამწუხაროდ ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებისგან რატომ დაგვაბრალეს გადაუმოწმებლად და უაპელაციოდ, თითქოს საქართველო ამ სიტუაციაში რძესთან და ყველთან დაკავშირებით რაღაც მოლაპარაკებას აწარმოებდა რუსეთთან, ოკუპანტ ქვეყანასთან, რატომ დაგვაბრალეს ბოლო დროს ისეთი ამორალური რამ, რასაც იარაღის კონტრაბანდა ჰქვია, რატომ გაიწვიეს ელჩი, მაშინ როდესაც საქართველოს მხარდაჭერა უპრეცედენტოა", - თქვა მან.
მდინარაძე ამბობს, რომ ამაზე იქნება დამოკიდებული პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი.