აზოვის ბატალიონის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლში უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. ბატალიონის წევრების თქმით, მათ რიგებში 3 ადამიანია მოწამლული - ადამიანებს სუნთქვის უკმარისობა, თავბრუსხვევა და წონასწორობის შენარჩუნების პრობლემები დაეწყოთ.
"რამდენიმე საათის წინ რუსებმა ქიმიური იარაღით შეუტიეს მარიუპოლს, აზოვსტალის ქარხანას, აზოველების ციხე-სიმაგრეს. თუკი ამ თავდასხმის პრაქტიკულ მხარეზე ვისაუბრებთ, დარტყმა არც თუ ისე მძლავრია, 3 ადამიანის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის სიმპტომები აქვთ, მაგრამ კატასტროფული შედეგების გარეშე. წინსვლისთვის სხვა აღარაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ ასეთი არაადამიანური, ქიმიური იარაღი გამოიყენონ. მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაც კი ამ იდიოტებს სრულფასოვნად არ შეუძლიათ. ხოლო თუ მორალურ მხარეზე ვისაუბრებთ, შეიძლება მხოლოდ ერთი ითქვას, ეს გააკეთეს შიშისგან და სიმხდალისგან. ხომ იციან რომ ამას მსოფლიო გაიგებს, რომ ტერორისტები არიან, არღვევენ სხვადასხვა კონვენციებს. ეს ნიშნავს რომ მათ არ შეუძლიათ მარიუპოლის აღება", - ამბობს "აზოვის" ხელმძღვანელი, ანდრეი ბილიცკი.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთი და აშშ. არცერთი ქვეყენა ჯერ დადასტურებულ ინფორმაციას არ ფლობს ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ როცა მეტი ზუსტი ინფორმაცია ეცოდინებათ, უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან რომ თქვან რა იყო ეს ან რა შეიძლება ყოფილიყო.
დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ის ასევე მუშაობს პარტნიორებთან გავრცელებული ცნობების გამოსაძიებლად.