რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენება პრაქტიკულად გუშინ დააანონსა. სატელევიზიო ეთერით ოკუპირებული დონეცკის მილიციის უფროსმა, ედუარდ ბასურინმა განაცხადა, რომ აზოვსტალის შტურმით აღება შეუძლებელია, ამიტომ ქიმიურ ჯარებს მიმართავენ, რომლებიც აზოველებისგან შენობის გათავისუფლების გზას იპოვიდნენ.
"ეს შენობა საბჭოთა კავშირის დროსაა აშენებული, იქ არის ბევრი ბეტონი, მიწისქვეშა სართულები. ამიტომ შტურმს აზრი არ აქვს, რადგან შენ მოგიკვდებიან ჯარისკაცები, მოწინააღმდეგეს კი არანაირი დანაკარგი არ ექნება. ამიტომ ჯერ ქარხნის განბლოკვა უნდა მოვახერხოთ, მოვძებნოთ ყველა შესასვლელი და გასასვლელი, ამის მერე კი უნდა მივმართოთ ქიმიურ ჯარებს, რომლებიც იპოვნიან საშუალებას, როგორ გამოიყვანონ მოღალატეები სოროებიდან", - თქვა ედუარდ ბასურინმა.
ცნობისთვის, 11 აპრილს აზოვის ბატალიონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა. იხილეთ ასევე: