უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვერ გაბედა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებისთვის გენოციდი ეწოდებინა.
მაკრონის საპასუხო განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ავრცელებს:
"გულდასაწყვეტია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს არ სურს უკრაინელების გენოციდის აღიარება რუსეთის ხელმძღვანელობის ყველა ღია განცხადებისა და რუსი სამხედროების დანაშაულებრივი ქმედებების მიუხედავად.
უკრაინა და რუსეთი ისტორიულად ახლოს არიან ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ მითი რუსეთისა და უკრაინის ორი მოძმე ხალხის შესახებ შეირყა ყირიმის ოკუპაციისა და 2014 წელს დონბასში განხორციელებული აგრესიის შემდეგ. მერე ვითომ რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად რუსი „ძმები“ მოვიდნენ. მაგრამ რვა წელიწადში 14 000 უკრაინელი დაიღუპა.
ეს მითი საბოლოოდ დაიმსხვრა, როდესაც თებერვალში პირველი რუსული რაკეტები უკრაინის ქალაქებისკენ გამოფრინდნენ.
„ძმები“ არ კლავენ ბავშვებს, არ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, არ აუპატიურებენ ქალებს, არ ასახიჩრებენ მოხუცებს და არ ანგრევენ სახლებს. ყველაზე სასტიკი მტრებიც კი არ მიმართავენ სისასტიკეს დაუცველ ადამიანებზე.
ამჟამად არ არსებობს მორალური და რეალური საფუძველი, ვისაუბროთ რუსი და უკრაინელი ხალხების „ძმურ“ კავშირებზე" წერს ნიკოლენკო.
"დღეს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ტერმინებთან, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ მოძმე ხალხებზე" - ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა, ჯო ბაიდენის კომენტირებისას გააკეთა, სადაც აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინაში, რუსეთის დანაშაულებს, გენოციდი უწოდა