რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ უკრაინის ჯარები რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიებს განახორციელებენ, ისინი უკრაინის დედაქალაქს და სხვა გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს დაარტყამენ.
"ვხედავთ დივერსიისა და უკრაინული ძალების მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების მცდელობებს. თუ ასეთი დივერსიები გაგრძელდება, რუსეთის შეიარაღებული ძალები დაარტყამენ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის კიევში, რისგანაც რუსეთის არმია ამ დრომდე თავს იკავებდა", - თქვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.
კიევში აცხადებენ, რომ რუსეთი კიევზე სარაკეტო დარტყმების საფუძველს პროვოკაციებით ამზადებს, რადგან უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში რამდენჯერმე უკვე გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ უკრაინის მხრიდან თავდასხმას ელოდებიან.