რუსეთის ისევ კიევს ემუქრება. სამთავრობო "რიას" ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს სპიკერი, იგორ კონაშენკოვი აცხადებს, რომ რუსეთი თავის ტერიტორიაზე უკრაინის უსაფრთხოების ძალების პროვოკაციებს ახალი სარაკეტო დარტყმით უპასუხებს კიევის ობიექტებზე.
„კიევის სამიზნეებზე სარაკეტო დარტყმების რაოდენობა და მასშტაბები გაიზრდება კიევის ნაციონალისტური რეჟიმის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული ხასიათის ნებისმიერი თავდასხმის ან დივერსიის ჩადენის საპასუხოდ“, - ამბობს ის.
რუსეთი, რომელიც დამოუკიდებელ და სუვერენულ უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მიწასთან გაასწორა ქალაქები, დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა, პროვოკაციებში ახლა უკრაინას ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საზღვარზე, ცენტრალური რუსეთის რეგიონებში ოთხი დაბომბვა მოხდა. მათი თქმით, უკრაინის მხრიდან დაბომბეს ბელგოროდის სოფლები ჟურავლევკა და სპოდარიუშინო, ასევე ამტკიცებენ, რომ თავდასხმა მოხდა როგორც ბრიანსკის რაიონის სოფელ კლიმოვოში, ასევე იმავე ადგილას ნოვიე იურკოვიჩის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, რის შედეგადაც სოფელში რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვი და მოხუცი ქალი.