
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი აღმოსავლეთში შეტევის დასაწყებად ემზადება. მისი თქმით, ოკუპანტებს სურთ მარიუპოლის მსგავსად გაანადგურონ სხვა ქალაქები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად
"რუსული ჯარები ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში შეტევითი ოპერაციის უახლოეს მომავალში დასაწყებად ემზადებიან. მათ სურთ, დაასრულონ და გაანადგურონ დონბასი. გაანადგურონ ყველაფერი, რამაც, ოდესღაც, დიდება მოუტანა ამ ინდუსტრიულ რეგიონს. ისევე, როგორც რუსი სამხედროები ანადგურებენ მარიუპოლს, მათ სურთ სხვა ქალაქების განადგურება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.
მადლობა მათ, ვინც ნამდვილად გვეხმარება, მაგრამ მათ, ვისაც აქვს იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც ჩვენ გვჭირდება და დახმარებას აყოვნებს, უნდა იცოდეს, რომ ამ ბრძოლის ბედი მათზეა დამოკიდებული. ასევე იმ ადამიანების ბედი, რომელთა გადარჩენაც შესაძლებელია", - ამბობს ზელენსკი.
მისი თქმით, რუსეთი დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ ნაღმტყორცნებსა და არტილერიას იყენებს.