
უკრაინის რადის დეპუტატი, პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია ადასტურებს, რომ მზადაა მიხაილო პოდოლიაკთან ერთად მარიუპოლში ჩავიდეს და რუსულ მხარესთან მოლაპარაკება გამართოს სამხედრო გარნიზონისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ.
არახამიამ განცხადება Telegram-ზე გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ დელეგაციის წარმომადგენლები მარიუპოლში უკრაინულ ძალებთან მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებენ.
"ჩვენი მხრივ, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს შევიდეთ მსგავს მოლაპარაკებებში, როგორც კი რუსული მხარისგან დადასტურებას მივიღებთ", - აღნიშნავს არახამია.
მანამდე მზადყოფნა დაადასტურა მიხაილო პოდოლიაკმაც. ცნობისთვის, მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანა ბოლო დღეებში შეტევის მთავარი სამიზნეა. რუსეთმა იქ გამაგრებულებს დანებება რამდენჯერმე შესთავაზა. იქ გამაგრებულებს კი მესამე ქვეყანაში მათი ევაკუაცია სურთ.